თინა ბოკუჩავა - ვწუხვარ, რომ ბექა ლილუაშვილი ისეთ ფორმულირებას იყენებს, როგორიცაა მავნებლობა, პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია იქ, სადაც საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე
ძალიან ვწუხვარ, რომ ბექა ლილუაშვილი ისეთ ფორმულირებას იყენებს, როგორიცაა მავნებლობა. არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ ასეთ ტერმინოლოგიას შეგნებულად არ გამოვიყენებ, რადგან არსებობს წითელი ხაზები და ამ წითელი ხაზების შიგნით უნდა ოპერირებდეს ყველა ოპოზიციონერი ქვეყნის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისვე თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო ინტერესია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„როდის შეიქმნება და როგორ, ამ საკითხებზე კონსულტაციებისთვის ღია ვართ. რაიმე პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია იქ, სადაც საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. მინდა, ყველამ ამ სულისკვეთებით იმოქმედოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რა დროსაც განაცხადა: „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ ამ კვირაში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება საკმარისი კომისიის შექმნისთვის, მოხდება საკითხის დისკრედიტაცია, რაც არის მავნებლობა“.