თინა ბოკუჩავა - უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე
მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, რაც ეგზიტპოლებში გამოჩნდა.
„ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ჩვენ ვნახეთ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.