თინა ბოკუჩავა - სიმბოლურია პროტესტის ის ფორმა, რომელიც „სირცხვილიამ“ აირჩია, რადგან დღევანდელი პარლამენტი ნამდვილად ყარს
სიმბოლურია პროტესტის გამოხატვის ის ფორმა, რომელიც დღეს „სირცხვილიამ“ აირჩია, რადგან დღევანდელი პარლამენტი, დღევანდელი „ქართული იცნების“ უმრავლესობა ნამდვილად ყარს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, გაურკვეველი შემცველობის ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან სიმბოლურია პროტესტის ის ფორმა, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო, რადგან დღევანდელი პარლამენტი, დღევანდელი „ქართული იცნების“ უმრავლესობა ნამდვილად ყარს. პარლამენტში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, დეპუტატებზე ძალადობენ, ადამიანებს გარეთ იჭერენ და ამის ფონზე ცდილობენ ზოგი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო ზოგი მონა მოსამართლის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას, დიახ, ის პარლამენტი ნამდვილად ყარს. მას უკვე ხალხისგან ლეგიტიმაცია აღარ აქვს და სიმბოლური იყო ნამდვილად პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც დღეს „სირცხვილიამ“ აირჩია“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება მომწამვლელი არ არის.
„ეს მომწამვლელი ნივთიერება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ფოტოზე გამოსახული ამ ნივთიერებით, სადაც დეტალურად წერია, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც მომწამვლელი არ არის, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში და სახიფათო არ არის. ის სიმბოლური დატვირთვა, რასაც ეს ნივთიერება და ეს აქტი საერთოდ ატარებს, ჩემი აზრით ნამდვილად შესაფერისია იმ მდგომარეობის, რომელიც დღეს პარლამენტშია“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავას აზრით, გამოძიება იმის დასადგენად უნდა დაიწყოს, თუ ვინ ძალადობდა 20 ივნისის აქციაზე.
„გამოძიება შეუძლიათ, დაიწყონ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ძალადობდა ახალგაზრდებზე 20 ივნისს. მათ შორის გამოძიება დაიწყონ თვალთხარია გახარიას წინააღმდეგ, რომელიც მთავარი დამნაშავეა. გამოძიება დაასრულონ მაჩალიკაშვილის საქმეზე. გამოძიება დაიწყონ იმ ძალადობაზე, რაც დღეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ვიხილეთ“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს“, მოგვიანებით კი, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხუმრობა იყო.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.