თინა ბოკუჩავა - ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია
ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო.
„ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი, ხოლო ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული, ვიდრე ოდესმე, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, რომ არ ვცნობთ მის შედეეგებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.