თინა ბოკუჩავა - ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერმის ვიზიტი იყო გამაფრთხილებელი, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით
ვიდრე დასავლეთი მიმართავს მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერმის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად იყო გამაფრთხილებელი ვიზიტი.
„გაისმა გამაფრთხილებელი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. გვახსოვს ასეთივე გამაფრთხილებელი ვიზიტები, გზავნილები მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც ყველა სხვა დიპლომატიური გზა ამოიწურა და საქართველოს ხელისუფლებამ კორუმპირებული მოსამართლეების გზით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გააგრძელა, მოხდა ამ მოსამართლეების დასანქცირება. ამ შემთხვევაშიც, ვიდრე დასავლეთი მიმართავს ასეთ მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, უხერხულობას გრძნობთ თუ არა სანქციებზე მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებების გამო, თინა ბოკუჩავამ განაცხადა:
„არა. ამერიკის შეერთებული შტატებმა, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ღიად რომ დაადასტურონ, მათ შორის მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება, მაშინ საქართველოც უნდა გახდეს მათი სანქციების სამიზნე. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ ისინი ცდილობენ, ყველა სხვა დიპლომატიური გზა ამოწურონ, ვიდრე სანქციების გამოყენებამდე მივა საქმე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.
ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.