თინა ბოკუჩავა - ნებისმიერ საერთაშორისო მისიას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უგულავას საქმე არის პოლიტიკური დევნა
ცხადია, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ნებისმიერ საერთაშორისო მისიას, უწყებას, რომელიც შეისწავლის გიგი უგულავას საქმეს და ყველა სხვა პოლიტპატიმრის საქმეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, გიგი უგულავას საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება.
„ცალსახაა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი თანხმდება, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, საქმე, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ კონკრეტულ მისიასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის მისი კონტურები, უფლებამოსილება, შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკურ ჯგუფში, სოციალისტებში, ამ დრომდე მხოლოდ ერთი ბულგარელი კომუნისტი ნახა, რომელიც დათანხმდებოდა, იყოს მისიაში. კიდევ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეუთო, რომელიც ასეთი ტიპის მონიტორინგს ახორციელებს ხოლმე, მას ჰყავდა სპეციალური მისია, რომელმაც შეისწავლა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, გამოსცა მთელი რიგი რეკომენდაციები, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი ეს რეკომენდაცია არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მათ ამ საქმეების რეალურად შესწავლის არანაირი სურვილი არ აქვთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ახალა ყურადღების გადატანა სურს.
„სურთ, ახლა ცეცხლი ჩააქრონ, გადაიტანონ ყურადღება თითქოს, საერთაშორისო მექანიზმით მოხდება აღნიშნული საქმეების შესწავლა, თუმცა ცალსახად ყველა საერთაშორისო პარტნიორი თანხმდება, რომ ეს არის საქმე, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არ შეეხება მხოლოდ უგულავას, ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას პოლიტიკური დევნისთვის იყენებს უკვე ძალიან დიდი ხანია“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.