თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ 40 პროცენტის პრინციპი კონკრეტულ ციფრებში თარგმნოს, დადოს მოლაპარაკებების მაგიდაზე და მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ, რათა კომპრომისი შედგეს
ხელისუფლებისთვის თუ მისაღებია 40 პროცენტის პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ ციფრებში, დადონ ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ, რათა კომპრომისი შედგეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ჩამკეტს სამართლებრივი ხვრელები აქვს.
„ხელისუფლებისთვის თუ მისაღებია პრინციპი, სადაც პარტია, რომელსაც არ აქვს მოსახლეობის 40 პროცენტიანი და მეტი მხარდაჭერა, ვერ აკომპლექტებს მთავრობას, ნაცვლად ჩამკეტისა, რომელსაც აქვს სამართლებრივი ხვრელები და ივანიშვილს შეუძლია, არჩევნების დროს ბოროტად გამოიყენოს, 40 პროცენტიანი პრინციპი ციფრებში უნდა თარგმნონ. ვთავაზობთ ძალიან მარტივ რამეს, რათა სისტემა იყოს მარტივი, განჭვრეტადი და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციისა და ბოროტად გამოყენების საშუალებას. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, როგორც მას შეარქვეს, გადამგდები ივანიშვილისთვის, რომ ოპოზიცია არ ენდობა და სურს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ისეთი კანონი, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას ვერ მისცემ და ბოროტად, შენს სასარგებლოდ ვერ გამოიყენებ. სწორედ ასეთი კანონი სურს ოპოზიციას. ამიტომ, თუ მისაღებია 40 პროცენტის პრინციპი, თარგმნონ კონრეტულ ციფრებში, რაც რომ დავასახელოთ იქნება 125/25 ან 130/20-ზე. დადონ ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ იმისთვის, რომ კომპრომისი შედგეს, ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და ასე თუ ისე, ნორმალიზებულ მდგომარეობაში შევიდეთ წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღელვებს საარჩევნო ბარიერის საკითხი, თუმცა მცირე პარტიების პოზიციას იზიარებს.
„ჩვენი პოლიტიკური ძალა არ არის ის ძალა, რომელსაც აღელვებს საარჩევნო ბარიერი, რადგან ნებისმიერ ბარიერს გადალახავს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია პატარა პარტიებისთვის, ამიტომ ბუნებრივია, ვიზიარებთ პატარა პარტიების პოზიციებს და ბუნებრივია, მზად ვართ, წავიდეთ ამ დათმობაზე. სულერთია, ნებისმიერი ბარიერი, 0-3-1-5-10 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის მისაღები. აქ საუბარია სხვა რამეზე, 40 პროცენტიან ჩამკეტზე, რომელიც არასათანადო მექანიზმია ფუნდამეტური პრინციპის უზრუნველყოფისთვის, რომ ვერც ერთი პარტია, რომელსაც არ გააჩნია 40 პროცენტიანი მხარდაჭერა, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. ეს ჩამკეტი არის არასათანადო, ჩამკეტის ნაცვლად გამოყენებული უნდა იყოს კონკრეტული ციფრები“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო საკითხზე შეთანხმებას რეალურ ოპოზიციასთან უნდა მიაღწიოს.
„გია ჟორჟოლიანი ისეთივე ოპოზიციაა, როგორი ამბოხებული დეპუტატიც არის დიმიტრი ხუნდაძე, მათი არავის სწამს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ასე რომ, ივანიშვილს თუ უნდა ჩამოირეცხოს, მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის, გადამგდების როლი და მართლაც მიაღწიოს კონსენსუსს, ამას საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში კონსენსუსი დაერქვას, მოუწევს შეთანხმების მიღწევა რეალურ ოპოზიციასთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის მოგვარება მმართველ გუნდს სამ დღეში კი არა, სამ საათში შეუძლია.