თინა ბოკუჩავა - კეზერაშვილი ვის აფინანსებს და როგორ, ნამდვილად არ ვიცი, აქტიურად ვიყავი ჩართული პარტიულ პოლიტიკაში და შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ადამიანი თვალით არ მინახავს
თინა ბოკუჩავა - კეზერაშვილი ვის აფინანსებს და როგორ, ნამდვილად არ ვიცი, აქტიურად ვიყავი ჩართული პარტიულ პოლიტიკაში და შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ადამიანი თვალით არ მინახავს

კეზერაშვილი ვის აფინანსებს და როგორ, ნამდვილად არ ვიცი, საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული პარტიულ პოლიტიკაში, ისევე როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში და შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ადამიანი თვალით არ მინახავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი იქნება აუდიტის სამსახურის ანგარიშებიდან, რადგან აბსოლუტურად ყველა პარტიას აქვს ვალდებულება, საკუთარი ფინანსების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს რეგულარულად ჩააბაროს.

„პოლიტიკურ ფინანსებსა და პარტიულ დაფინანსებაზე როდესაც ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ბრალდება აღნიშნულთან დაკავშირებით, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს პარტია მთლიანად, არაფორმალურად ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, იქნება ეს საარჩევნო თუ არასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ, უმჯობესი იქნება, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი საკუთარ პარტიაში მოითხოვონ.

11 წელია, უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარ, რამდენიმე თვეს თუ არ გავითვალისწინებთ, როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ვიყავი აქტიურად ჩართული. საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული პარტიულ პოლიტიკაში, ისევე როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში და შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ადამიანი თვალით არ მინახავს. მაგრამ თუ ვინმე არის, ვისაც ამგვარი მტკიცებულება აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტული განცხადებები უნდა გააკეთონ და არა სპეკულაციები, რადგან ასეთი განცხადება მხოლოდ ივანიშვილს აძლევს ხელს, რომელიც მთლიანად არაფორმალურად აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გამჭვირვალობა ყველა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კარგი იქნება, რომ „ქართული ოცნება“, პირველ ყოვლისა, თავის თავს უწესებდეს სტანდარტებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.