თინა ბოკუჩავა - ცვლილებების პროექტი ზღუდავს ოპოზიციური პარტიების უფლებას, ხელისუფლება გააკრიტიკონ
ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება ცრუობს, როცა ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ „საარჩევნო კოდექსით“ გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება.
როგორც ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ განუცხადა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.
„ასევე შეიზღუდოს ოპოზიციური პარტიების უფლება, რომ საკუთარი რეკლამების გამოყენებით ხელისუფლება გააკრიტიკონ. ეს არის ცენზურა, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დააწესოს, რადგან მან იცის, მისი გუნდისთვის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მძიმე იქნება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.