თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა

ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა. აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად, – ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

„გუშინ დავბრუნდი უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მილუოკში დავესწარი რესპუბლიკური პარტიის კონგრესს. ეს იყო რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50 000 რესპუბლიკელი ესწრებოდა, სადაც საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოდგენილი. სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი ოფიციალურად, როგორც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

მინდა, თამამად განვაცხადო, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფი მტკიცედ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა.

ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს – ჯო უილსონს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა – დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან“.

„შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებით, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და ივანიშვილის ანტიდასავლური და ანტიამერიკული ხელისუფლების ჩანაცვლებით დემოკრატიული პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული კოალიციური მთავრობით.

მეტიც, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ყრილობაზე გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა იქნება ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ. შეუძლებელია დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და, შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია. მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა.

ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის არის სწორედ ხელისუფლების ცვლილება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილის და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ.

მერწმუნეთ, შეუძლებელია ამ და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გარეშე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.