თინა ბოკუჩავა - ირაკლი კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გაყალბების შედეგს შეაგუოს
ირაკლი კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გაყალბების შედეგს შეაგუოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
„კობახიძე სრულ აგონიაშია და ეს ჩვენ მის გუშინდელ განცხადებაში ვიხილეთ. მან ფაქტობრივად არჩევნების გაყალბება დააანონსა, როდესაც თქვა, რომ საბოლოო შედეგები იმ ეგზიტპოლს დაემთხვევა, რომელსაც „ფსიქო პროექტი“ ატარებს. „ფსიქო პროექტი“, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და საერთაშორისო სტანდარტებს არ იყენებს, როდესაც კვლევებს აქვეყნებს. განსხვავებით სხვა კვლევითი ორგანიზაციისგან, რომელიც ეგზიტპოლს ყველ საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ატარებს.
ასე რომ, კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გაყალბების შედეგს შეაგუოს. ეს შეუძლებელია. რადგან ხალხი გაყალბებულ შედეგს არ შეეგუება“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლა აქვთ დაგეგმილი.