თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ შესულიყო „ოპოზიციის ალიანსში“, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში“ შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა.
როგორც ბოკუჩავა წერს „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება მას არათანმიმდევრულობად მიაჩნდა.
„გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ის „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერცერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად, მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას, ენმ შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.
რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტ სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის, ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოვლგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე – მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერების და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ, ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ის საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.
არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ის ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით.
გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!“ – წერს თინა ბოკუჩავა.