Times - სოლსბერის საქმის შემდეგ, ბრიტანეთს რუსი ოლიგარქების ნაწილი საკუთარი ნებით ტოვებს
სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლისა და სირიაში ასადის რეჟიმზე განხორციელებული იერიშის შემდეგ, რასაც ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა, რუსი ოლიგარქების ნაწილმა გაერთიანებული სამეფო დატოვა. ინფორმაციას ბრიტანული ანალიტიკური გამოცემა Times აქვეყნებს.
გამოცემაში წერია, რომ რუსი ოლიგარქებისთვის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანა იყო დასავლეთში, სადაც ისინი ბიზნესს აწარმოებდნენ და ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ.
„ბოლო ერთ წელიწადში გაერთიანებული სამეფოს კერძო სკოლები 700-მდე რუსმა მოზარდმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, რუსი ოლიგარქების ნაწილს აღარ სურს გაერთიანებულ სამეფოში ოჯახთან ერთად ცხოვრება. რუსული ფული, რომელიც აქამდე ბრიტანულ სკოლებში დიდი ოდენობით შედიოდა, შეწყდება. ეს კერძო სკოლისთვის შესაძლოა, საზიანო იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის დადებითი ფაქტია“, – წერს Times.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი კრის ბრაიანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ეს არის შედეგი ოფიციალური ლონდონის ზეწოლისა მოსკოვზე. მისი თქმით, რუსი ოლიგარქები გაერთიანებულ სამეფოში ფულის გათეთრებას და ბიზნესის წარმოებას დაუბრკოლებლად ახერხებდნენ, თუმცა დღეს ისინი გარკვეული წინაღობის პირისპირ აღმოჩნდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს გაერთიანებულ სამეფოში 1300 ძვირადღირებული კერძო სკოლა არსებობს, სადაც 2016 წლის მონაცემებით, რუსეთის 3611 მოქალაქე სწავლობდა. 2018 წლის ზაფხულში ეს ციფრი 2800-ს შეადგენს.