Times of Israel-ი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში კაიროში დაგეგმილ სამიტზე თავის წარმომადგენლებს გაგზავნის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში კაიროში დაგეგმილ სამიტზე თავის წარმომადგენლებს გაგზავნის. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გუნდს უხელმძღვანელებენ „მოსადის“ უფროსი დავიდ ბარნეა, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რონენ ბარი და ისრაელის თავდაცვის ძალების მძევლების საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ნიცან ალონი. სამივე მათგანმა მონაწილეობა მიიღო გასულ კვირას დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯაროდ უჭერს მხარს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ ნეთანიაჰუსა და ბლინკენის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ შეხვედრა იყო „პოზიტიური“ და ჩატარდა „კარგ ატმოსფეროში“.
მოგვიანებით ენტონი ბლინკენი გეგმავს შეხვედრას ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან.