The Times - ბრექსითის შემდეგ დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას
ბრექსითის შემდეგ დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, მედიკამენტების დეფიციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ასოციაცია NHS Providers-ის განცხადებაზე დაყრდნობით, The Times-ი იუწყება.
სამედიცინო ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ევროპულ გაერთიანებასთან სავაჭრო საკითხში შეთანხმებას არ გააფორმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მედიკამენტების დეფიციტი გარდაუვალია.
სამედიცინო ასოციაციამ შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს უკვე გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ „ბრექსითის“ შემდეგ, შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, გაერთიანებულ სამეფოში შემოსული სამედიცინო მედიკამენტების დიდი ჯაჭვი ევროკავშირიდან გასვლის პირველივე დღეს დაირღვევა.
სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლის პროცესი კარგად ვერ დაგეგმა და ვაჭრობის სფეროში შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბრიტანეთის სამედიცინო დაწესებულებები შესაძლოა, ქაოსმა მოიცვას. შედეგად კი, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებლების ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დადგება.