„თიბისის“ მომხმარებლებს სესხების საშეღავათო პერიოდზე უარის დაფიქსირება 24 მარტის ჩათვლით შეეძლებათ
„თიბისი ბანკი“ საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს.
ბანკის განმარტებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით „თიბისის“ დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ.
„თუ არ გსურთ სესხზე შეღავათის გააქტიურება, გამოგზავნეთ „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, ან მოიწერეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში, ან დარეკეთ 032 2272727-ზე. ისინი კი, ვისაც სურს, ისარგებლოს სესხების გადავადებით, ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სესხის ახალი გრაფიკი კი, გამოუჩნდებათ ინტერნეტბანკში“, – აცხადებს „თიბისი“.
შეღავათი ეხება იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, სასწრაფო სესხებს, ავტო სესხებს, განვადებას, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს, ლომბარდს, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნესს და აგროსესხებს.
სესხებზე საშეღავათო პერიოდის შეთავაზების გადაწყვეტილება „თიბისიმ“ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ და კვების ინდუსტრიაში საქმიანობს.