„თიბისი რისერჩი“ - საქართველოს 1-21 ივლისს 142 ათასი რუსი ვიზიტორი ეწვია, უმეტესობა ქვეყანაში ლარსის საბაჟოდან შემოვიდა
მიმდინარე წლის 1-21 ივლისს საქართველოს 142 ათასი რუსი ვიზიტორი ეწვია. რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების შეზღუდვის შედეგები ანალიტიკურმა კომპანია „თიბისი რისერჩმა“ საკუთარ კვლევაში გაანალიზა. ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.
შედარებისთვის, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს 152 ათასი რუსი ვიზიტორი სტუმრობდა.
„თიბისი რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავიამიმოსვლის აკრძალვამდე (1-7 ივლისს) ვიზიტორთა რაოდენობამ 50 030 შეადგინა, აკრძალვის შემდეგ (8-14 ივლისს) 41 423-მდე შემცირდა, აკრძალვიდან მეორე კვირაში (15-21 ივლისი) კი, ისევ გაიზარდა და 51 024 შეადგინა.
ამასთან, რუსი ვიზიტორების ძირითადი ნაწილი ქვეყანაში ლარსის საბაჟოს მეშვეობით ხვდება. ასევე, 15-21 ივლისის პერიოდში გაიზარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაც.
მთლიანობაში, რუსი ვიზიტორების შემოსვლა ივლისის პირველ კვირაში 4.1 პროცენტით იყო შემცირებული (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), მეორე კვირაში 21.4 პროცენტით, მესამე კვირაში კი, 13.5 პროცენტით.