„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა, ერთ მილიარდამდე გაიზარდოს
„თიბისი კაპიტალმა“ კვლევის „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები განიხილეს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება.
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად „თიბისი კაპიტალის“ კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%ის განთავსება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის გუნდის განცხადებით, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 1 მლრდ ლარამდე გაიზარდოს.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა განაცხადა, ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ბაზრის გააქტიურებაზე მეტყველებს. მისი თქმით, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს.
„აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც, რომელიც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის დინამიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ელაშვილმა.
„თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თუკი წლების განმავლობაში კომპანიების დაფინანსების წყარო იყო სესხები, საშუალო პერსპექტივაში მოლოდინი გვაქვს, რომ დაფინანსების წყარო გახდება უფრო დივერსიფიცირებული და მხოლოდ სესხების გარდა, გაჩნდება ახალი წყარო. კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მოიძიონ არა მხოლოდ სესხები, არამედ აიღონ ევროობლიგაციები და გამოუშვან ქართულო ობლიგაციები.
ვფიქრობთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება ეს ბაზარი და ქართულ საშუალო და მსხვილ კომპანიებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ობლიგაციები ქართულ ბაზარზე განათავსონ, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება განვითარებისთვის.
ჩვენი აზრით, რომ მოხდეს ამ ბაზრის განვითარება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაჩნდეს ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის რესურსი და ამას აუცილებლად ხელს შეუწყობს ის საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგეგმილია ქვეყანაში“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.