„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატი აცხადებს, რომ ინგლისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ წერილზე ათობით თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა
ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის პასუხებს საგამოძიებო უწყებას წარუდგენს.
„მივიღეთ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, დისკეტა, რომელზეც არის ის ანაბეჭდები ასახული, რომელიც გამოავლინა ინგლისის ექსპერტიზამ. ჩვენ ალბათ, ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა სრული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა წარვადგინოთ პროკურატურში, მივიღოთ ინგლისიდან. ამ დისკს წარვადგენთ პროკურატურაში. მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია, დანარჩენი პროკურატურის საქმეა. მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიფიკაცია და შემდეგ გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. რადგან ინგლისს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა, შეუძლებელია ამ ეტაპზე ითქვას ვისი ანაბეჭდია წერილზე“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.