„თიბისი ბანკი“ მზად არის, პრობლემური სესხების განულების ინიციატივას შეუერთდეს
„თიბისი ბანკი“ მზადყოფნას გამოთქვამს, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს.
ბანკის განცხადებით, ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ 120 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1 პროცენტია. ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.
აღნიშნული სასესხო პორტფელი ბანკმა ფონდ „ქართუს“ უნდა მიყიდოს, რომლის მხარდჭერითაც დავალიანების განულების ინიციატივა ხორციელდება.
ამასთან, ბანკში განმარტავენ, რომ გაცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო „თიბისი ბანკის“ წილი აქედან მხოლოდ 8 პროცენტია.
ბანკის განცხადებით, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს.
„არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღავრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას. მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას – საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, „თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება.