თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე მერის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს
თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი წოწკოლაური თიანეთში მერის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – აღნიშნა წოწკოლაურმა.
თიანეთის მერის განმეორებითი არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ საკრებულოს დეპუტატები მესამედაც არ დაუჭერენ მხარს ბიუჯეტის წარდგენილ პროექტს.
ბიუჯეტს საკრებულომ კენჭი მესამე მოსმენით უნდა უყაროს.
საკრებულომ მერიას წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი უკვე ორჯერ დაუბრუნა შენიშვნებით.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ განიხილება.
გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, პროექტი ელექტრონული ფორმით საკრებულოს დაახლოებით 40 წუთის წინ გადაეგზავნა და შესაბამისად, მისი განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ მოესწრება.
დღის წესრიგში მხოლოდ მერიის საშტატო ერთეულებისა და მერის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურების საკითხის განხილვაა.
„ასეთ პირობებაში მერია გვთავაზობს მერის მოადგილეების ხელფასების ზრდას, რასაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი წოწკოლაურმა.