თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე 20 ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი დასაქმდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 20 ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება. ახალ კურსდამთავრებულებმა სპეციალური სტაჟირების პროგრამა სააგენტოს სპეციალისტებთან გაიარეს, რის შემდეგაც, საველე სამუშაოებში ჩაერთვებიან.
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2022-2023 წლებში განხორციელდება.
„პროექტის მიზანი ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 928 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც (FMI) განხორციელდება, რაც მონაცემთა უკეთესი ანალიზის და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სპეციალური სტაჟირების პროგრამას ეროვნული სატყეო სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებს და დღემდე ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებულია 45 ახალგაზრდა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.
სატყეო სააგენტოს ცნობით, პროექტი – ECO.GeorgiaGIZ-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ხორციელდება და ხელს უწყობს საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს სათბური აირების შერბილებას, ტყეების მართვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს ტყეზე ზეწოლა.