The New York Times-ი 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ 52 ადგილს შორის ბათუმსაც ასახელებს
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ 52 ადგილს შორის ბათუმსაც ასახელებს.
საქართველოს ზღვისპირა ქალაქი სიაში 38-ე ადგილზეა.
„ბოლო ათწლეულში საქართველოს მომხიბვლელი დედაქალაქი თბილისი ტურისტებით გაივსო. თუმცა ბათუმი – წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის გლუვი ქვის სანაპიროსკენ ეშვებიან, განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ისრაელელებისთვის უკვე პოპულარული თავშესაქცევი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ მისი გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება “, – აღნიშნულია სტატიაში.
The New York Times-ი წერს, რომ ბათუმში შენდება ახალი სასტუმროები, საბაგიროთი კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან პირდაპირ სანაპიროზეა შესაძლებელი ჩასვლა. გამოცემა წერს, რომ ქალაქი მეღვინეობითაც იპყრობს ყურადღებას. ავტორი აღნიშნავს, რომ საოჯახო ღვინის ბარ BQ-ში და ყარალაშვილების ღვინის მიწისქვეშა მარანში შესაძლებელია ჩხავერის იმავე სახეობების დაგემოვნება, რომლებსაც იოსებ სტალინი ეთაყვანებოდა.
The New York Times-ის მიერ რჩეული ადგილების რეიტინგში პირველი ათეული ასე გამოიყურება: პუერტო-რიკო, ჰამპი (ინდოეთი), სანტა-ბარბარა, პანამა, მიუნხენი, ეილატი, სეტოუჩის კუნძულები (იაპონია), აალბორგი (დანია), აზორის კუნძულები (პორტუგალია), ონტარიოს ყინულის გამოქვაბულები (კანადა).