The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს
პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში სამი თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტორეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.
The Guardian-ის ჟურნალისტი მკითხველს სტატიაში სახელწოდებით „ტურიზმი ომალოსა და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის“ თუშეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, აღწერს თუშეთის სოფლებს, ხალხს, ადგილობრივთა ცხოვრებასა და წესჩვეულებას. სტატიაში ადგილობრივები თუშეთში როგორც ტურიზმის მნიშვნელობაზე, ასევე ეკოლოგიის დაცვაზე საუბრობენ.
„პატარა რომ ვიყავი, ომალოში ამდენი სახლი არ იყო“, – ამბობს 27 წლის მედიცინის სტუდენტი ქეთი თავბერიძე, რომელიც ომალოში ყოველ ზაფხულს ისვენებს.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტურისტები აქ ამოდიან. ეს კარგი შანსია, გაესაუბრო უცხოელებს, ტურისტების აქ ჩამოსვლით ისინი ადგილობრივებს სამუშაოს უქმნიან. ჩვენი ბუნება ველური და ხელშეუხებელია და მინდა, უცვლელი დარჩეს“, – აცხადებს ქეთი თავბერიძე The Guardian-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.
„ამჟამად ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული, თუმცა ჩემი სურვილია, თუშეთში საკუთარი საოჯახო სასტუმრო მქონდეს და ტურისტები მივიღო“, – აცხადებს ნინო კითიძე, რომელიც წელიწადის რამდენიმე თვეს თუშეთსა და ახმეტაში ატარებს.
„ნინო 18 წლის ასაკში ძიძად მუშაობდა, მაღაზიაში თანაშემწედ, ახლა კი ფიქრობს, რომ ტურისტული ბუმი კარგ შესაძლებლობას მისცემს ამ სფეროში ძალები მოსინჯოს“, – წერს ჟურნალისტი ნადია ბერდი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.