The Grayzone - NED-მა ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა იმ სამუშაოს შემსრულებლის „ღია ოპერატორის“ რეპუტაცია, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა
აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია NED-ი („დემოკრატიის ეროვნული ფონდი“) ანტისამთავრობო ოპოზიციურ ჯგუფებს უხვად აფინანსებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაშინგტონი რეჟიმის შეცვლას ცდილობდა. ამით კი თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაციამ მოიპოვა იმ სამუშაოს შემსრულებლის ღია ოპერატორის რეპუტაცია, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა, – ამის შესახებ გამოცემა The Grayzone წერს.
სტატიაში საუბარია NED-ის ისტორიაში „ყველაზე დიდი პიარფიასკოს“ შესახებ, რასაც, The Grayzone-ის მტკიცებით, მის მიერ მოპოვებული ელექტრონული წერილები ცხადყოფს.
„კრიტიკოსები, დიდი ხანია, მიუთითებენ NED-ის ჩარევის შედეგად დესტაბილიზაციაზე ისეთ ადგილებში, როგორებიც არის ნიკარაგუა, ვენესუელა, უკრაინა და ჰაიტი. ამ ქვეყნებში ფონდი სისტემატურად ძირს უთხრიდა არჩეულ მთავრობებს, რომლებიც ახორციელებდნენ პოლიტიკას, რომელიც, როგორც მიიჩნეოდა, ვაშინგტონის კონსენსუსს არღვევდა. ისინი ეყრდნობოდნენ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს ჯგუფის წარმომავლობას რონალდ რეიგანის დროინდელი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოდან და მოყავდათ NED-ის დამფუძნებლებისა და კარლ გერშმანის ციტატები, რომლებიც ამაყობდნენ გადატრიალებების და ფერადი რევოლუციების ორკესტრირებით. თავად NED-ის დიდი ხნის ლიდერი, ნეოკონსერვატორი აქტივისტი გერშმანი გულგრილად ხვდებოდა ბრალდებებს, ხოლო მისი კოლეგები ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზაცია ყველაფერს ღიად და საჯაროდ აკეთებდა, ვებსაიტზე კი გრანტის მიმღებთა ჩამონათვალიც იყო, და ეს ყველაფერი „დემოკრატიის ხელშეწყობის“ მისიის სახელით ხდებოდა“, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2021 წელს კარლ გერშმანის ორგანიზაციიდან წასვლამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია, რამაც ძველ და ახალ თაობას შორის კონფლიქტი წარმოშვა. ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ლესლი აუნის სატელეფონო ზარი გამოცემასთან კი შეფასდა, როგორც ყველაზე დიდი პიარფიასკო.
„მას შემდეგ, რაც 2021 წელს გერშმანი პენსიაზე გავიდა, NED-მა განიცადა მკვეთრი შიდა ცვლილებები. ახალმა თაობამ ხელში აიღო ორგანიზაციის სადავეები და ცდილობდა, NED-ის პროგრამები მრავალფეროვნების პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა, რომელიც ამჟამად აცოცხლებს დემოკრატიულ პარტიას.
პოსტგერშმანის ეპოქაში დაქირავებულთა შორის იყო ლესლი აუნი, რომელიც საკუთარ თავს მოიხსენიებდა, როგორც „უფროს შემოქმედებით კომუნიკატორს“, რომელმაც, როგორც ჩანს, ძალიან ცოტა იცოდა NED-ის შესახებ, როდესაც ორგანიზაციაში მივიდა. აუნმა გადაწყვიტა, სატელეფონო საუბარი გაემართა The Grayzone-თან, რათა გაექარწყლებინა მოსაზრება, რომ მისი დამსაქმებელი მოქმედებდა, როგორც „CIA-ს შუამავალი“.
The Grayzone-ის მიერ მოპოვებული პირადი ელექტრონული მიმოწერა ცხადყოფს, როგორ მიიყვანა აუნის სატელეფონო საუბარმა და ამ საუბრის შინაარსის გამოქვეყნებამ NED-ი ეგზისტენციალურ კრიზისამდე, რამაც გამოიწვია რამდენიმე პირის სამსახურიდან გათავისუფლება, სამართლებრივი ზომები და ურთიერთბრალდებები, რომლებიც დღემდე გრძელდება. NED-ის ერთ-ერთმა ვეტერანმა პირადად დაახასიათა სატელეფონო საუბარი, როგორც „ყველაზე დიდი პიარფიასკო NED-ის ისტორიაში“.
NED-ის ელფოსტა სავსეა აღშფოთების გამომხატველი წერილებით, რომლებიც მიმართულია ძველი გვარდიის მხრიდან მათი ახალგაზრდა მემკვიდრეებისადმი. ერთ-ერთი მიმოწერისას გერშმანმა აუნს „გონებასუსტი“ უწოდა, მეორეში სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენა NED-ის კომუნიკაციების დირექტორს, ქრისტინ ბედნარცს და არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ თავისი მემკვიდრის, NED-ის ახლანდელი პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, დეიმონ უილსონის კომპეტენცია“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, NED-ის ამჟამინდელი მმართველობა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან არის კავშირში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი აგრძელებენ NED-ის სალაროების შევსებას ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი დოლარით, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, ააშენოს ახალი თვალწარმტაცი შტაბბინა თეთრი სახლიდან რამდენიმე უბნის მოშორებით. მოპოვებული მეილები ადასტურებს, რომ ორგანიზაცია დინებას მიჰყვება, ხოლო დამფუძნებელი მამები ეჭვქვეშ აყენებენ NED-ის მომავალს კორპორატიული პროგრესისტების თაობის მეთაურობით, რომლებიც სრულად ემხრობიან დემოკრატიულ პარტიას“, – წერს The Grayzone.