შალვა პაპუაშვილი - მივესალმები NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას, ეს ფიცი გავიგეთ, ახლა გადავიდნენ საქმეზე და ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში
შალვა პაპუაშვილი - მივესალმები NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას, ეს ფიცი გავიგეთ, ახლა გადავიდნენ საქმეზე და ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში

მივესალმები ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის, NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას და დადასტურებას, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არ არის სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც კენ ვოლაკი ამბობს: „სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის“.

პაპუაშვილის თქმით, რამდენი ხანია, „ქართული ოცნება“ სწორედ ამას ამტკიცებს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თუ ეს NED-ის ხელმძღვანელის მხრიდან გულწრფელად ნათქვამი სიტყვებია, მაშინ პარტიული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა შეწყდეს.

„მისასალმებელია, რომ ამ ფონდის ხელმძღვანელმა ეს დაადასტურა. ეს ფიცი მოგვწონს. ახლა გვინდა მტკიცებულებაც, რომ საქმეში გარდაისახოს ეს ყველაფერი. ზუსტად ეს ფონდი, ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ფონდი, NED აფინანსებს პარტიულ „ენჯეოებს“, მათ შორის ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, მისი დაფუძნებულია, აგრეთვე, ორგანიზაცია, სადაც გიორგი კანდელაკი არის ლიდერი, ეს არის, მაგალითად, „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“, რომელიც ანა დოლიძის დაფუძნებულია. ყველა ამ „ენჯეოს“ დამფუძნებლები და ლიდერები არიან პოლიტიკოსები, პარტიული ლიდერები. ყველა ეს პარტიული ლიდერი ჯიბეში ფულს იდებს უცხოეთიდან. ამიტომ ეს ფიცი გავიგეთ. ახლა საჭიროა საქმეზე გადასვლა და თუკი ეს არის გულწრფელად ნათქვამი სიტყვები, ყველა ამ ფონდებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ასე რომ, ჩვენ ახლა გვინდა საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ასევე საუბარი იყო გამჭვირვალობაზე.

პაპუაშვილის შეფასებით, თუკი რომელიმე ფონდი გაუმჭვირვალეა, ეს არის ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის განვითარების ფონდი.

„მე პირადად, არაერთხელ მოვუწოდე სხვადასხვა არხით, პირადი შეხვედრების დროს თუ სხვა დროს, რომ ქართველი ხალხისთვის გაასაჯაროონ, რა პროექტებს აფინანსებენ. როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, რაში ეხმარებიან, ქართველს ხალხს არ ეუბნება არავინ? სამწუხაროდ, დღემდე გასაჯაროება არ ხდება. დამალულია მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები და, სამწუხაროდ, არ საჯაროვდება. ეს, რა თქმა უნდა, არ პასუხობს გამჭვირვალობის არანაირ სტანდარტს. არათუ ამერიკულ თუ რომელიმე სტანდარტს, არ პასუხობს გამჭვირვალობის ყველაზე დაბალ სტანდარტსაც კი. ეს განცხადება მისასალმებელია და პირველად მოვისმინეთ ჩვენ უცხოელი აქტორისგან, აქამდე რაღაცნაირად მიდიოდა ხოლმე გვერდის შემოვლა, პირველად ხაზგასმით მოვისმინეთ, რომ „ენჯეოები“, რომლებშიც პოლიტიკოსები არიან, არ ითვლებიან „ენჯეოდ“, წერტილი; მეორე, „ენჯეოები“, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების პრეტენზია, არ არიან „ენჯეოები“, წერტილი. ეს ორი განცხადება მოვისმინეთ ამერიკის წარმომადგენლის მხრიდან, ძალიან კარგია. ახლა გადავიდნენ საქმეზე და ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.