საქართველოს პარლამენტი არის კანონის მიღების ზღვარზე, რომელიც გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური აგენტები“. კანონმა აღაშფოთა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები ქუჩებში კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ზოგიერთი „რუსულ კანონს“ უწოდებს. შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც ევროკავშირმა, ამ საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, – ამის შესახებ გამოცემა The American Conservative-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის ავტორია ენტონი კონსტანტინი.
„ერთი შეხედვით, თითქოს ეს 1990-იანი ან 2 000-იანი წლების დასაწყისის ისტორიაა: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გათავისუფლდა რუსული გავლენისგან და შეუერთდა თავისუფალი ერების საძმოს. ეს სასიამოვნო ამბავია. სამწუხაროდ, ის არ ასახავს რეალობას და სიმართლე ხაზს უსვამს სერიოზულ საკითხებს, როგორ რეაგირებს დასავლეთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ არ მოსწონთ.
პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება არაფრით ჰგავს კომუნისტურ დიქტატურებს, რომლებიც ფერადი რევოლუციებით დასრულდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამართლიანად აირჩიეს 2012 წელს, სამართლიანად ხელახლა აირჩიეს 2016 წელს და სამართლიანად კიდევ ერთხელ აირჩიეს მესამედ 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 წლის არჩევნებზე ფართოდ გავრცელებული გაყალბებები ვერ აღმოაჩინეს, ოპოზიცია მაინც ამტკიცებდა, რომ შედეგები გაყალბებული იყო; ამის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრა, როდესაც „ქართული ოცნება“ დათანხმდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ისინი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდნენ. მათ მიიღეს დაახლოებით 46%. ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგად ისინი კვლავ აშკარად ლიდერობენ“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, ბრალდება, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის აგენტების კანონს ეფუძნება, ასევე ვერ უძლებს კრიტიკას.
„რუსეთის აბსოლუტურად ამაზრზენი კანონი, გამოყენებულია იმისთვის, რომ ეფექტიანად აკრძალულიყო ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც გაურკვეველი კავშირი აქვს გარე მსოფლიოსთან. მისი სამიზნე შეიძლება გახდეს ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას იღებს, თუნდაც უცხოელმა შეიძინოს მაისური ამ ორგანიზაციის ვებგვერდიდან. ამას შედეგად მოჰყვა ვლადიმერ პუტინის მიმართ ნებისმიერი კრიტიკის გაჩუმება.
ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტის წინაშე არსებული კანონპროექტი გონივრულად მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო სამსახური ან პოლიტიკური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, თუ მისი დაფინანსების, სულ მცირე, 20 პროცენტი მოდის საზღვარგარეთიდან, რაც არსებითად განსხვავდება რუსეთის კანონისგან. ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში უცხოური გავლენის დაბლოკვა დიქტატურისგან შორს არის. თუ პოლიტიკის ინსტიტუტი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც დაკავშირებული ტრამპთან, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების წინ რეკლამაზე დახარჯავდა ფულს მემარჯვენე პარტიების მხარდასაჭერად, დიდი ალბათობით, პროგრესულად მოაზროვნე ევროპელები აღშფოთდებოდნენ.
ჰიპოთეზების გარეშეც, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცირე მტკიცებულებამაც იმდენად შეაშფოთა დემოკრატები, დღესაც კი ბევრს სჯერა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მხოლოდ პუტინის ჰაკერების გამო გაიმარჯვა.
აშშ-ში ორივე პარტია სამართლიანად აყენებდა ეჭვქვეშ ჩინეთის მიერ დაფინანსებულ „კონფუცის ინსტიტუტებს“ უნივერსიტეტების კამპუსებში; აშშ-ს თავად აქვს თავისი უცხოური აგენტების კანონმდებლობა, რადგანაც უცხოური აგენტის კანონმდებლობის არქონა იქნებოდა ქვეყნის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობა. ამიტომ მთლად გასაგები არ არის, რატომ არის კონკრეტულად საქართველოს კანონმდებლობა შეუთავსებელი დასავლურ ღირებულებებთან?
არ ყოფილა დარწმუნების რაიმე სერიოზული მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა შეეძლოთ უცხოურ ორგანიზაციებს გავლენის მოხდენა საქართველოს საშინაო საქმეებზე, ასეთებად დასახელების გარეშე. ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნების“, დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პარტიის, სამგზის გამარჯვების შემდეგ, დასავლეთს იმედი აქვს, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარების შეცვლაში დახმარებას შეძლებენ.
სხვა დანარჩენზე მეტად, ეს წინ წამოწევს საკითხებს, თუ როგორ რეაგირებენ ლიბერალური ინტერნაციონალისტები დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როდესაც ეს მათ სასურველ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. პროტესტი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე დასავლური დედაქალაქებიდან, არ არის თაღლითურად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ, არც ისეთი მთავრობის წინააღმდეგაა, რომელიც ცდილობს დიქტატორული „საგანგებო უფლებამოსილების“ ამოქმედებას ან ხოცავს დემონსტრანტებს.
საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა აკეთებს იმას, რაც მომიტინგეების უმცირესობას არ მოსწონს. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის არის მომართული. თუ „ქართული ოცნება“ თაღლითობით გაიმარჯვებს, ეს იქნება ერთი საკითხი. თუმცა ამ მომენტისთვის საქმე ასე არ დგას. ამის ნაცვლად, მთავრობა ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, იმ უმრავლესობით, რომელიც მან თაღლითობის გარეშე მოიპოვა. ლიბერალი ინტერნაციონალისტები იმის მიხედვით არჩევენ, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის რომელი გადაწყვეტილებებია მისაღები, შეესაბამებიან თუ არა ისინი დასავლეთის პოლიტიკას, ამავე დროს, საუბრობენ დემოკრატიის სიწმინდეზე, რითიც ავლენენ აშკარა ფარისევლობას. როგორც ჩანს, ბრიუსელი და ვაშინგტონი იმედგაცრუებული არიან, რომ ქართველები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ არჩევას და იმის ნაცვლად, რომ ეს მოცემულობა მიიღონ, ცდილობენ, ეს მოახლოებულ დიქტატურად წარმოაჩინონ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიას, დემოკრატიულ შედეგებს, ან იღებენ, ან არა, რადგან არის ერთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მხოლოდ ერთი მოსაზრების ქონის საშუალებას და ეს სიტყვა დიქტატურაა“, – ნათქვამია სტატიაში.