თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსით 47 პირია ინფიცირებული
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით 47 პირია ინფიცირებული. მოძიებული კონტაქტების რაოდენობა ჯამში შეადგენს 276-ს. აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 111 პირი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სიტუაციას ადგილზე საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები.
„ჩვენ მაქსიმალურ მზრუნველობას ვიჩენთ და ვეხმარებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის დახმარება. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში დახმარება უკვე გავუწიეთ დაახლოებით 1 000-მდე შეჭირვებულ ოჯახს და გადავეცით პირველადი სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც. ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 300 მარტოხელა ხანდაზმულს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათებს გადავცემთ“, – განაცხადა თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 25 აპრილს, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 26 აპრილს ჩაიკეტა ქალაქი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.