თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა გააკეთა. მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა და აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა გაამკაცრონ პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიერონ ზეწოლა, ვიდრე მოსკოვი არ გადაიქცევა „კეთილსინდისიერ მოთამაშედ“ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.
ამასთან, სანდერსმა გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები, რომ თუ ტრამპი შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, ეს სიკეთეს მოუტანს მთელ მსოფლიოს.
ეს განცხადება სარა სანდერსმა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, ჰერბერტ მაკმასტერის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. მაკმასტერმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო, მოსკოვს საკმარისად დიდი საფასური ვერ გადაახდევინეს.