თეთრი სახლის ცნობით, აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ განცხადება ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
როგორც სალივანმა განაცხადა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების ერთსულოვანი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
სალივანმა ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო და პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე თანხმობა მოკავშირეებთან, პარტნიორებსა და კონგრესის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი იყო.
ამასთან, გაერო-ში განაცხადეს, რომ გენერალური მდივანი კასეტური ბომბების გამოყენების წინააღმდეგია.