თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელაში აცხადებს, რომ „რუსეთისა და კუბის დახმარების გარეშე ნიკოლას მადუროს რეჟიმი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა“. როგორც ელიოტ აბრამსი აღნიშნავს, „მოსკოვის მიერ მადუროს მთავრობის მხარდაჭერა უპასუხოდ არ დარჩება“.
მისივე თქმით, რუსეთმა და კუბამ ვენესუელაში სპეცსამსახურების 2500 თანამშრომელი გააგზავნა, რომლებიც ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურებსა და არმიაში წამყვან პოზიციებს იკავებენ.
„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რუსეთის როლი და არ მივცემთ მათ საშუალებას, ამ დონის მხარდაჭერა გაუწიოს ვენესუელას. ეს უპასუხოდ არ დარჩება“ – განაცხადა აბრამსმა.
თეთრ სახლში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ ერთხელ გამწვავდა. მადუროს მთავრობა შეეცადა პარლამენტის თავმჯდომარედ მათ მიმართ ლოიალური კანდიდატი დაენიშნათ. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.
მომხდარი უკვე დაგმო აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმაც.
ვენესუელის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალტერნატიული კენჭისყრა ერთ-ერთი გაზეთის ოფისში გამართეს და პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ ხუან გუაიდო აირჩიეს.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და პარლამენტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მიიჩნევენ.
6 იანვარს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მიულოცა ხუან გუაიდოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა და საქართველოს სახლით მხარდაჭერა გამოუცხადა.