თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და კირ სტარმერის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა და ერთად მუშაობის მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენი მზადაა, გააღრმაოს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა საერთო ინტერესების მრავალ სფეროში.
ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, „მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიასთან ბრძოლის ფონზე“.
„ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ერთობლივი ვალდებულება ბელფასტის/დიდი პარასკევის შეთანხმების მიღწევების დასაცავად“, – წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.