თეთრი სახლი - აშშ-ის დასკვნით, დამასკოში 2018 წლის 7 აპრილს ქიმიური იარაღი გამოიყენეს
აშშ-ის დასკვნით, სირიის რეჟიმმა დამასკოს აღმოსავლეთ შემოგარენში – დუმაში 2018 წლის 7 აპრილს ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით კაცი, ქალი და ბავშვი, კიდევ ასობით კი დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აღნიშნული დასკვნა ემყარება მედიასაშუალებების მიერ თავდასხმის აღწერას, მსხვერპლთა სიმპტომებს, ვიდეო და ფოტო მასალას, რომელზეც ასახულია თავდასხმის შემდეგ დარჩენილი „კასრის” ორი ბომბი, ასევე სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც თავდასხმამდე სირიელი სამხედროების კოორდინირებულ ქმედებებზე მიუთითებს”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ძირითადი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ დუმაში ქლორინი გამოიყენეს, თუმცა არსებობს წყაროები, რომლებიც მიუთითებს, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინი გამოიყენეს.
„ეს ერთეული ინციდენტი არ არის – სირიის რეჟიმმა არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქიმიური იარაღის წარმოების პროგრამაზე უარი განაცხადა”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.