დონალდ ტრამპს თეთრ სახლთან საპროტესტო აქციით და სკანდირებით „წადი რუსეთში“ დახვდნენ
დონალდ ტრამპს თეთრ სახლთან საპროტესტო აქციით და სკანდირებით „წადი რუსეთში“ დახვდნენ

ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინთან გამართული სამიტიდან ვაშინგტონში დაბრუნებულ აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლთან საპროტესტო აქციებით დახვდნენ. „წადი რუსეთში“, – დემონსტრანტები ამ სლოგანს სკანდირებდნენ.

პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიება, რომელიც აშშ-ში 2017 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს, „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა. ამ ფაქტმა კაპიტოლიუმში აღშფოთება გამოიწვია. დონალდ ტრამპის მისამართით რესპუბლიკელებმა კრიტიკული კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელეს, სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა დენ ქოუთსმა კი პრეზიდენტს წერილობითი განცხადებით მიმართა.

ქოუთსი წერს, რომ გამოძიება გაგრძელდება საქმეზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ამერიკის უსაფრთხოების შერყევის მცდელობა იყო.

„ჰელსინკის პრესკონფერენციაზე ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენის მომსწრენი გავხდით, რაც კი ამერიკის პრეზიდენტს ამ ქვეყნის ისტორიაში გაუკეთებია“, – დაწერა არიზონის სენატორმა ჯონ მაკკეინმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, პოლ რაიანმა კი აღნიშნა, რომ არავითარი ტოლობის ნიშანი რუსეთსა და ამერიკას შორის არ არსებობს, რადგან რუსეთი თავისი მტრული არსით ამერიკულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეფ ფლეიკმა ტრამპის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის გვერდით დადგებოდა და ბრალმდებლის თითს თავად ამერიკისკენ გაიშვერდა. ეს სამარცხვინოა.“ – განაცხადა სენატორმა ფლეიკმა.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ტრამპის ძველმა მეგობარმა მით რომნიმ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპმა თავისი განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა და უპატივცემულობა გამოხატა.