თეთრ სახლში იენს სტოლტენბერგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა
თეთრ სახლში იენს სტოლტენბერგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა. ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იენს სტოლტენბერგმა ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2024 წელს ალიანსის ევროპელი წევრებისა და კანადის თავდაცვის ხარჯები 18%-ით გაიზრდება.

„დღეს შეგვიძლია, გამოვაქვეყნოთ ახალი მაჩვენებლები თავდაცვითი ხარჯების შესახებ. ალიანსის 23 წევრი წელს მშპ-ის ორ პროცენტს ან მეტს დახარჯავს თავდაცვაზე. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინანდელი რიცხვი და იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსს ევროპელი წევრები და კანადა ნამდვილად აძლიერებენ, იღებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ნატო-ს ალიანსში ყველა ჩვენგანის დასაცავად“, –  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს უკრაინის მიმართ „ძლიერი სოლიდარობისთვის“ და უსაფრთოების სფეროში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებულ ათწლიან ხელშეკრულებას მიესალმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინის მიმართ მოკავშირეების მხარდაჭერა რაც უფრო ძლიერი იქნება, „მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი“.

თავის მხრივ, თეთრის სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი მიესალმა ნატო-ს მოკავშირეების უკრაინის მხარდამჭერ ნაბიჯებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკაში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ის შეხვდება სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სენატორებს. მიმდინარე კვირის ოთხშაბათს სტოლტენბერგი კანადის დედაქალაქ ოტავაში გაემგზავრება, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდება. ამის შემდეგ სტოლტენბერგი დაბრუნდება ვაშინგტონში და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის კონგრესის წევრებს შეხვდება.