თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-სა და რუსეთს ბევრ საკითხზე თანამშრომლობა შეუძლიათ, თუმცა ჯო ბაიდენი რიგი საკითხებით შეშფოთებულია
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-სა და რუსეთს ბევრ საკითხზე თანამშრომლობა შეუძლიათ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი რიგი საკითხებით შეშფოთებულია. ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, ჯო ბაიდენმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს.
„ჯო ბაიდენს პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს უკან არ დაუხევია და მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ბევრ საკითხზე რუსეთს და აშშ-ს ერთად მუშაობა შეუძლიათ, ამის მაგალითი გახლავთ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულება, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაშია. ამასთან ერთად პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება იმ სფეროებთან დაკავშირებით, სადაც არსებული ცნობებით, რუსეთის ჩარევა არსებობს. მათ შორის არის არჩევნები, კიბერთავდასხმები აშშ-ის სახელმწიფო უწყებებსა და კომპანია სოლარ უინდსზე, ასევე ავღანეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის დაწესებული ჯილდოების საკითხი. ამ საკითხების გადახედვა ახლა მიმდინარეობს და ბაიდენმა ეს პუტინთან საუბრის დროსაც დაადასტურა. მისი საუბარი პუტინთან უკვე აჩვენებს განსხვავებას წინა ადმინისტრაციის მიდგომებთან შედარებით“, – განაცხადა ჯენ ფასაკიმ.
მისივე თქმით, ბაიდენი რუსეთის საკითხზე უკვე ესაუბრა ევროპელ მოკავშირეებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი იტოვებს უფლებას, რუსეთის მიმართ სანქციების ნებისმიერ დროს მიიღოს, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.