თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პენსილვანიის საბრძოლო მასალების ქარხანაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი უკრაინელთა თხოვნით განხორციელდა და ამაში უჩვეულო არაფერი იყო
თეთრი სახლის განცხადებით, პენსილვანიის საბრძოლო მასალების ქარხანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი უკრაინელების თხოვნით განხორციელდა.
როგორც მედია წერს, რესპუბლიკელთა ბრალდებების ფონზე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტში არაფერი იყო უჩვეულო და ის ხაზს უსვამდა ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერას.
„ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა, ამიტომ მოვუწოდებთ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს, შეწყვიტონ ეს. ეს არის პოლიტიკური სვლა და მათ უნდა შეწყვიტონ ეს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
შეგახსენებთ, „ფოქს ნიუსმა“ დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ზელენსკის პენსილვანიის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მედია წერს, კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის. ამასთან, პენსილვანიაში ვიზიტის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა აშშ-ში უკრაინის ელჩი გაათავისუფლოს. როგორც მან აღნიშნა, „ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც გამიზნული იყო დემოკრატების დასახმარებლად“.