თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან საფრთხის მიმართ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან საფრთხის მიმართ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შესაბამისი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გადახედა ბირთვული შეკავების სტრატეგიას და ის პირველადაა ორიენტირებული ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოებაზე.

„ამ ადმინისტრაციამ, ისევე როგორც წინა ოთხმა ადმინისტრაციამ, გამოსცა ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვა და ბირთვული იარაღის გამოყენების დაგეგმვის სახელმძღვანელო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოს კონკრეტული ტექსტი გასაიდუმლოებულია, მისი არსებობა არანაირად არ არის საიდუმლო. ამ წლის დასაწყისში გამოცემული სახელმძღვანელო არ არის პასუხი რომელიმე სუბიექტზე, ქვეყანაზე ან საფრთხეზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, შონ სევეტმა.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენმა ჯერ კიდევ მარტში დაამტკიცა საიდუმლო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის ბირთვული შეკავების სტრატეგია პირველადაა ორიენტირებული ჩინეთზე და მოიცავს აშშ-ის სამხედროების მომზადებას „შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის“, რომლებშიც რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთ ფრონტად იქნებიან წარმოდგენილები.

როგორც New York Times-მა დაწერა, თეთრ სახლს საჯაროდ არ გამოუცხადებია, რომ ბაიდენმა დაამტკიცა განახლებული სტრატეგია, სახელწოდებით „ბირთვული იარაღის გამოყენების სახელმძღვანელო“, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბირთვული შეკავების სტრატეგიის გადახედვის შესახებ შეტყობინება კონგრესს ბაიდენის თანამდებობის დატოვებამდე გაეგზავნება.