შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული იყო ექვსი ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში.
ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი სამი მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„დაშავებული ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.