დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის თეთნულდიდან ჩამოსვენება სამშაბათს არის დაგეგმილი
დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის თეთნულდიდან ჩამოსვენება სამშაბათს არის დაგეგმილი

თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ჩამოსვენება სამშაბათს არის დაგეგმილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

უწყების პრესსამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, დაღუპულის ჩამოსვენება რთული რელიეფისა და უამინდობის გამო ვერ ხერხდება.

„უკრაინის მოქალაქე, სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი. ამ დრომდე ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაციის განახლება იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფი და ამავე დროს, რთული ამინდია“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისი თქმით, თეთნულდზე ძლიერი თოვლი, ქარი და ნისლია, რის გამოც სამაშველო ვერტმფრენი ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას.

„დღესაც იგეგმებოდა საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენის ადგილზე ჩასვლა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახური, თუმცა მივიღეთ შეტყობინება, რომ ვერტმფრენი ვერ მოახერხებდა სამაშველო ოპერაციის განხორციელებას. როგორც ვარაუდობენ, ფრენისთვის შესაძლო ამინდი შესაძლებელია, იყოს სამშაბათს. ამ დროის მონაცემებით, სამაშველო ოპერაციის განახლება დაგეგმილია სამშაბათს“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სამშაბათამდე იქნება შესაძლებელი, რომ სამაშველო ოპერაცია განახლდეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ 24-საათიან მზადყოფნაშია.

ოფიციალური ინფორმაციით, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. მაშველებმა თეთნულდიდან ერთი უკრაინელი ტურისტი 19 ივლისს ჩამოიყვანეს.