ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება სირიასა და ერაყში მყოფი ტერორისტული დაჯგუფება „დაეშის“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტონ. ასევე მათი ოჯახის წევრები.
„სხვადასხვა დროს „დაეშის“ რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძოდა. ზოგიერთმა მათგანმა ტერორისტთა რიგებში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა და ორგანიზაციის იერარქიის სათავეშიც მოექცა. „დაეშმა“ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობის მოპოვება საქართველოშიც შეძლო, თუმცა სამართალდამცველი უწყებების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციებისა და სახელმწიფოს მიერ წარმოებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში „დაეშის“ მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. აღნიშნულის მიუხედავად, ქვეყანაში, შესაძლოა, კვლავ არსებობდნენ ამ ორგანიზაციის ცალკეული მომხრეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედებდნენ“, – აღნიშნულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ცივილიზებული სამყარო ტერორისტული/ექსტრემისტული ორგანიზაციების მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეების რადიკალიზაცია. მათი გამგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. რადიკალიზებული, საბრძოლო გამოცდილების მქონე პირების უკან დაბრუნება და ტერორისტული /ექსტრემისტული ჯგუფების ან/და ცალკეული ინდივიდების მიერ ტერორისტული თავდასხმების განხორციელება.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, „დაეში“ გლობალური ტერორიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებად რჩება. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ დღეისთვის ტერორისტული ორგანიზაცია სოციალური ქსელების გამოყენებით, რადიკალიზებულ პირებს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას ავალდებულებს.
„გამოწვევას წარმოადგენს „დაეშის“ უცხოელი ტერორისტი მებრძოლები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილებას შეეცადონ. საყოველთაო გამოწვევის მსგავსად, საქართველოშიც აქტიურად დგას „დაეშის“ მიერ ინტერნეტის გამოყენებით რადიკალიზაციისა და გადაბირების საფრთხე“, – აღნიშნულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში.
ამასთან, სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ „ალ-ქაიდა“ წლების განმავლობაში რჩება მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განსაკუთრებით საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციისთვის საქართველო პირველადი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფი შესაძლოა, იზიარებდეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიას.
„სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას „ალ ქაიდას“ მხარდამჭერ შეიარაღებულ ჯგუფებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძოდა. ზოგიერთი მათგანი „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების ლიდერიც კი გახდა. ამ ორგანიზაციიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეებს შესაძლოა განეკუთვნებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის ან მისი ინდივიდუალური მხარდამჭერის მიერ ტერორისტული თავდასხმის განხორციელება. „ალ-ქაიდას“ მხარდამჭერ ჯგუფებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მცდელობა და ორგანიზაციის მხარდამჭერი უცხოელი ტერორისტი მებრძოლების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა“, – აღნიშნულია სტრატეგიაში.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წერია, რომ საერთაშორისო ტერორიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ავღანეთის ისლამური საამირო, იგივე „თალიბანი“.
„თალიბანი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, კონკრეტულად თავდაცვის ძალებისთვის, რომელიც ავღანეთის კონფლიქტში ნატო-ს საერთაშორისო მისიის ფარგლებში 2004 წლიდან მონაწილეობს. გასული წლების განმავლობაში აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელდა არაერთი თავდასხმა ქართველ სამხედროებზე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო, ხოლო რამდენიმე ასეული დაშავდა. ამჟამად, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფები განთავსებულია ქაბულში, ბალხისა და ფარავნის პროვინციებში. აღნიშნული პროვინციები თალიბანის აქტიური მოქმედების არეალს წარმოადგენს“, – აღნიშნულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში.
საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა.
სუს-ის ინფორმაციით, კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს და მის შემადგენლობაში არის ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები.
სტრატეგია სამწლიანია და მისი განხორციელების მიზნით ასევე შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.