ტერორიზმის საქმეზე სუს-ის თანამშრომლები დაიკითხებიან, რომლებმაც ბრალდებული შოაიფ ბორზიევი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
პროკურორების ინფორმაციით, დაიკითხებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც 21 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შოაიფ ბორზიევი დააკავეს.
პროკურორების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოყვებიან, რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებული, ასევე როგორ განაიარაღეს.
ამასთან, ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაიკითხება ის მოწმეც, რომელიც მოყვება, რა ვითარებაში გადმოკვეთა ახმედ ჩატაევმა საზღვარი და შემოვიდა თბილისში. ბრალდება ხუთი პირის დაკითხვას აპირებს.
დაკავებულების ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ ამ დრომდე სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას.