ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების არგუმენტები, რომ იყო მიმალვის, დანაშაულის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, თეიმურაზ ბიჭოშვილმა განაცხადა, მან პროცესზე გრიფით საიდუმლოს მოხსნა მოითხოვა, რადგან საქმის საიდუმლოდ გრიფირების საფუძვლები არ არსებობს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განცხადება გააკეთა დაკავებისა და ჩხრეკის დროს გამოძიების მხრიდან ჩატარებულ უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ეხება ძალადობას. უკავშირდება თუ არა ეს ნივთმტკიცების, ცეცხკსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, ამაზე საუბრისგან ადვოკატმა თავი შეიკავა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა აღნიშნა, რომ ჩხრეკას ნეიტრალური მოწმეები გამოძიებამ არ დაასწრო.

მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მოსამართლემ ადვოკატებს არ დაუკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა. გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი თვის წინ დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში ჩხრეკა ოთხ ადგილას ჩატარდა, თუმცა ორი ადამიანი დააკავეს და მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალი საბრძოლო მასალის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით აქვთ წარდგენილი.