ტერორისტების საქმეზე პროკურატურა დღეს მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს
ტერორისტების საქმეზე პროკურატურა დღეს მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც ლიკვიდირებული პირების მარშრუტია ასახული.
გარდა ამისა, გამოიკვლევენ იმ ვიდეომასალას, რაც ბრალდებულების პირადი კომპიუტერებიდან არის ამოღებული. პროკურორის ინფორმაციით ვიდეოჩანაწერებში ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია არის გატარებული.
„გამოვიკვლევთ დარჩენილ ვიდეოჩანაწერებს, რაც ლიკვიდირებული პირების და შაიუფ ბორზიევის გადაადგილების მარშრუტს ეხება. მათ შორის ბრალდებული პირებიც არიან. ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მნიშვნელოვანია. ასევე ვგეგმავთ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მასალების გამოკვლევას, რითიც დასტურდება, რომ ბორზიევი ძებნილია რუსეთის მიერ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით. ასევე მათ პირად ვიდეოჩანაწერებს გამოვიკვლევთ, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგია არის ასახული, რაც ადასტურებს, რომ ისინი ამ იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ”,- განაცხადა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.