თერჯოლასა და ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლები იზოლაციის რეჟიმზე გადავიდნენ
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, თერჯოლასა და ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის რამდენიმე მცხოვრები იზოლაციის რეჟიმზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 26 ადამიანი ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში მუშაობდა, მათ იზოლაციას კომპანია თავად უზრუნველყოფს.
რაც შეეხება თერჯოლას, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული 28 მოქალაქე ერთ, ყაზარმული ტიპის ნაგებობაში ცხოვრობს და მათი იზოლაციის საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიაქცევენ ყურადღებას.
„მათ მიამაგრეს პასუხისმგებელი ექიმი, რომელიც ყოველდღიურად დააკვირდება ამ პირებს და თუ დაფიქსირდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა გიორგიძემ.
იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 385 მოქალაქეა მოთავსებული. აქედან საჩხერეში – 58 მოქალაქე, საირმეში – 218, წყალტუბო პლაზაში – 92. წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან საკარანტინო ვადის ამოწურვის გამო დღეს 82 ადამიანი გავიდა და საკარანტინო სივრცეში 17 მოქალაქე დარჩა.
ამასთან, გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაციის ვადა 23 პირმა დაასრულა და ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სულ 384 მოქალაქე იმყოფება.