ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის პროცესის 30 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ბრექსიტის პროცესის 30 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. ტერეზა მეიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ამის შესახებ წერილი გაუგზავნა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი წერილში აღნიშნავს, რომ თუ პარტიები შეთანხმების რატიფიკაციას აღნიშნულ დრომდე შეძლებენ, პროცესი ნაადრევად შეწყდება.
ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ თხოვნის მიუხედავად, არც ბრიტანეთის და არც ევროკავშირის ინტერესებში არ არის ევროპარლამენტის არჩევნებში ბრიტანეთის მონაწილეობა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას რატიფიკაციის გრაფიკზე შეთანხმება სურს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს ევროკავშირი 23 მაისამდე დატოვოს და არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10 აპრილს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირმა ბრიტანეთს შესაძლოა, პროცესის 12 თვით გახანგრძლივება შესთავაზოს.