ტერეზა ჩერვინსკა - ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ შეთანხმდნენ
ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო ევროპელებო, დიდი პატივი მაქვს, მოგახსენოთ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პანდემიით განპირობებული ყველა სირთულისა და შეზღუდვების მიუხედავად, 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა, ხელი შეუწყო ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა კაპიტალდაბანდება ჰოსპიტალური სექტორის სასიცოცხლო განახლებასა და მთავარ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რითაც ქვეყანას დაეხმარა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ეკონომიკის ამოქმედებაში. ახლა კი, დადგა დრო, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსთვის! ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ალგეთი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და სამეწარმეო შესაძლებლობები. ქვეყანაში ვიხილავთ უფრო სწრაფ სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ახალი დაფინანსებით ხდება ევროპელთა გუნდის მხარდაჭერის გაფართოება, რათა უფრო სწრაფად მოხდეს გამანადგურებელი ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან თავის დაღწევა. ამ ინიციატივით მოხდება კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვისაც, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკისადმი გამოხატავთ“, – აცხადებს ტერეზა ჩერვინსკა.