ტექნიკური პრობლემების გამო, ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა [ვიდეო]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი დორტმუნდის მიმართულებით ამ დრომდე არ შესრულებულა. ამის შესახებ პირველ არხს რეისის მგზავრებმა განუცხადეს.

ფრენა დილის 06:00 საათზე იყო დაგეგმილი.

მგზავრების ინფორმაციით, ისინი უკვე საკუთარ ადგილებზე ისხდნენ, თვითმფრინავი დაძრული იყო და ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც დაკვამლიანება შენიშნეს.

მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო მანქანებიც გამოჩნდა, ხოლო მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს.

როგორც მგზავრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა პრობლემა ჰქონდა თვითმფრინავს. მათივე თქმით, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, სადაც ტექნიკური ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მგზავრებს დამატებით ინფორმაციას ხომალდის შემოწმების დასრულების შემდეგ მიაწვდიან.

„მგზავრთა საყურადღებოდ!
ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მგზავრების მიერ გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.