თეონა კუჭავა - ბავშვთა პანსიონში კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების პროცესში ყველაზე კარგი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ
პანსიონში კონკრეტულ საქმეებზე დაწყებული გამოძიების პროცესში ყველაზე კარგი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ, – ამის შესახებ UNICEF-ის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, თეონა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა წარიმართოს, ვინაიდან სწრაფი მართლმსაჯულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გარდა ამისა, სამართლებრივი გარანტიები სრულად უნდა იქნას უზრუნველყოფილი და თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პროცესში ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაცია“, – განაცხადა კუჭავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არიან მზად მიმღები ოჯახები ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, რადგან მათი ოჯახურ გარემოში გადაყვანა იგეგმება, ბავშვის უფლებები კი ოჯახებშიც ხშირად ირღვევა, რასაც სტატისტიკაც მოწმობს, თეონა კუჭავამ განაცხადა, რომ ამ ბავშვებისა და ოჯახების შეფასება სწორად უნდა მოხდეს.
„სწორად უნდა მოხდეს რისკების იდენტიფიცირება და ამ რისკების შესაბამისად, ბავშვების გადანაწილება საკუთარ ოჯახებში, თუ სახელმწიფო ზრუნვაში. შეფასება, ამ ეტაპზე როგორც ხდება, ამას დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გეგმაში გვაქვს, შევქმნათ სხვადასხვა პროფესიონალისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც სწორედ ამ სრულყოფილი შეფასების პროცესს დაეხმარება. ზრუნვის სააგენტოს დამატებით რესურსს მივაწვდით და ამ დამატებით დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა კუჭავამ.
მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია შემდგომი მხარდაჭერა.
„ეს გუნდი თვითონაც გაუწევს მხარდაჭერას ბავშვებს და მათ ოჯახებს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მობილიზებაც. რესურსები არსებობს. მართალია, მწირი თუ ფრაგმენტული, თუმცა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული იქითკენ, რომ მხარდამჭერი პროგრამების მობილიზება მოხდეს და მაქსიმალურად ამ ოჯახებისკენ იყოს მიმართული“, – განაცხადა კუჭავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის საჭირო, რათა ვითარება უმოკლეს დროში შეიცვალოს, თეონა კუჭავამ განაცხადა, რომ პრევენცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რასაც სამწუხაროდ, დღემდე დიდი ყურადღება არ ეთმობოდა.
„სინამდვილეში, პრევენცია გაცილებით რთული საქმეა, თუმცა საშუალო და გრძელვადიან გაცილებით დიდ ეფექტს იძლევა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხსაც დაეთმოს სათანადო ყურადღება და რეაგირების მექანიზმებთან ერთად, პრევენციული მექანიზმებიც გავმართოთ“, – განაცხადა თეონა კუჭავამ.