თეონა აქუბარდია - საცოდავი მდგომარეობაა, როცა უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს, გადაეფაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ
თეონა აქუბარდია - საცოდავი მდგომარეობაა, როცა უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს, გადაეფაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას უსპობს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, რომ შექმნას საგამოძიებო კომისია.

აქუბარდიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პლენარული სხდომის დარბაზში დღეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატი არ იქნება, არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხზე კენჭისყრა სწორედ მაშინ ჩაატაროს. თეონა აქუბარდიას განმარტებით, აქედან გამომდინარე, კვლავ შედგა კომუნიკაცია ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„„ქართული ოცნება“ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ უკვე მეორედ გადის კონსტიტუციიდან, როდესაც ის ოპოზიციას უსპობს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, შექმნას საგამოძიებო კომისია და ღიად აცხადებს, რომ ამის მიზანია, გადაეფაროს სასამართლოში არსებულ საკუთარ კლანს. ნამდვილად რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში კენჭისყრები თეორიულად არ არის დაგეგმილი, არ გამოვრიცხავ, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზში, კენჭისყრა ჩაატარონ. ამიტომ ჩვენ კვლავ გვქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან. შეუძლებელია ამ ფორმატში პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება, როდესაც ხელისუფლება გადასულია ოპოზიციაში, ფაქტობრივად, ბოიკოტის რეჟიმში და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. ეს საცოდავი მდგომარეობა, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს, გადაეფაროს მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ვერც გუშინ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას – ქართველ მოსამართლეებს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ არ გაიარა რეგისტრაცია.